logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოპერაცია "იძულება მშვიდობისთვის"

04 დეკ 202220:07
3 წუთის საკითხავი
 

სამძიმარს ელოდებით? ვისგან სამძიმარს? "მშვიდობის იძულების", თუ იძულებული მშვიდობის ოპერაციის მონაწილეებისგან?! კიევის დაცემა 10 დღეში; აგვისტოსთვის უკრაინის სრული ანექსია; პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია; ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების სრული განადგურება; პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცენტრების დამორჩილება და უკრაინელების წინააღმდეგობის  ბოლომდე გატეხვა - ეს იყო უკრაინის ელვისებური აღებისა და დამორჩილების ФСБ-ეული "მშვიდობის დამყარების" გეგმა, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამეფო ინსტიტუტმა მოპოვებული მტკიცებულებებისა და ვრცელი სამეცნიერო კვლევის ფარგლებში გამოაქვეყნა.

რუსეთის კონტრდაზვერვამ, უკრაინელები 4 კატეგორიად დაყო: პირველები, არც მეტი, არც ნაკლები ფიზიკურ ლიკვიდაციას ექვემდებარებოდნენ. ამ კატეგორიაში უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის გარდა ის პირები შედიოდნენ, რომლებიც 2014 წლის მაიდანის რევოლუციაში მონაწილეობდნენ. მეორე კატეგორიაში ძირითადად ხვდებოდნენ აქტიური პოზიციის მქონე, პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც ფილტრაციის ბანაკებში რეპრესიებისა და დაშინების მსხვერპლი უნდა გამხდარიყვნენ. მე-3 კატეგორიის უკრაინელები, ე.წ. ნეიტრალურები ანუ პასიურები იყვნენ, რომლებიც აქტიური რუსული ძალისხმევისა და პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობას დაიწყებდნენ; მეოთხე კატეგორიას კი ძირითადად იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ელიტა და პრორუსულად განწყობილი უმცირესობა წარმოადგენდა, რომლებიც კრემლთან კოლაბორაციისთვის უკვე მზად იყვნენ.

უკრაინის რადაში მზადდებოდა პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელიც "მშვიდობის მოძრაობას" ჩამოაყალიბებდა და რუსული პროექტის საკანონმდებლო მხარდაჭერის იმიტაციას შექმნიდა. ურჩ რეგიონებს კი, ფინანსური და ენერგეტიკული სანქციებით დასჯიდნენ. საბედნიეროდ, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს გეგმა ზელენსკის ხელისუფლების, უკრაინის სამხედრო ძალებისა და ხალხის თავდადებისა და დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო დახმარების შედეგად ჩავარდა. თუმცა, ძნელი სულაც არ არის იმის დანახვა, რომ ანალოგიურ გეგმას კრემლი კარგა ხანია, მეთოდურად და მიზანმიმართულად საქართველოსთან მიმართებაშიც ახორციელებს, იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში მოსკოვს არ ეწინააღმდეგება და უარესში მისივე გეგმის ნაწილია.

სახეზეა კატეგორიებიც:

პირველ კატეგორიაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ვარდების რევოლუციის ლიდერები და აგვისტოს ომის მონაწილე სამხედრო ელიტა შედის, რომლებიც ფიზიკურ ლიკვიდაციას ან ხანგრძლივი პატიმრობის შედეგად ჯანმრთელობის შერყევას, მორალურ თუ რეპუტაციულ განადგურებას ექვემდებარებიან. მეორე კატეგორიაში პროდასავლური ოპოზიციის, კრიტიკული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები გადიან, რომლებიც დაშინებისა თუ რეპრესიების მსხვერპლი ხდებიან. მესამე კატეგორია პრორუსულ ხელისუფლებასთან ნებით თუ უნებლიედ მოთანამშრომლე ქართული საზოგადოების ის პასიური უმრავლესობაა, რომელსაც ქართული ოცნება მიშას დაბრუნებით თუ ომის შიშით აშანტაჟებს. მეოთხე კატეგორია კი თავად კოლაბორაციონისტები, ანუ ივანიშვილის ხელისუფლების წევრები და საპატრიარქოს ის წარომადგენლები არიან, რომელიც მხოლოდ მზადყოფნას კი არ გამოთქვამენ, არამედ უკვე დიდი ხანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ "დაჟინებით იმეორებენ ნარატივებს, რომლებიც ჰიბრიდული ომისთვის განკუთვნილ ФСБ-ს სახელმძღვანელოშია მოცემული".

ჩვენ პარლამენტშიც უკვე შექმნილია ანტიდასავლური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ლანძღვა-გინებითაა დაკავებული და რომლის მთავარ ამოცანასაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და ევროატლატნიკური პარტნიორებისგან ჩამოშორება წარმოადგენს. ჩვენთანაც სჯიან ურჩ რეგიონებს ფინანსური თუ სხვა ტიპის სანქციები, ანდა სულაც არჩეული ადგილობრივი ლიდერების დაშანტაჟებას ცდილობენ. კრემლის ამ ორ ოპერაციას შორის კიდევ უამრავი მსგავსებაა, რომლის ელემენტების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. თუმცა მთავარი და თვალში საცემი მაინც ისაა, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ამას “მშვიდობის იძულების” ("პრინუჟდენია კ მირუ") ოპერაცია უწოდა. ოპერაცია, რომელიც რეალურად ქართული სახელმწიფოს განადგურებას და მისი დასავლეთისკენ სწრაფვის შეჩერებას ისახავდა მიზნად. საბედნიეროდ მაშინ საქართველო, ისე როგორც დღეს უკრაინა, ჩვენი მეომრების თავგანწირვისა და დასავლეთის დახმარების შედეგად სახელმწიფოებრივად გადარჩა. თუმცა, რუსეთის მხრიდან “მშვიდობის იძულების” გრძელვადიანი ოპერაცია არ შეწყვეტილა, დღეს კი ის გადამწყვეტ ფაზაშია, რის სიმბოლურ დასტურად ისიც გამოდგება, რომ ახალ, 2023 წელს საქართველოს დედაქალაქი ოკუპანტი ქვეყნის ასი ათასზე მეტი მოქალაქით და "მშვიდობის ქალაქის" სტატუსით ხვდება.

"მშვიდობა" - კოდური სიტყვა, რომელიც რუსული სპეცსამსახურებისა და მოსკოვის სამხედრო ოპერაციების დასახელებებში აქტიურად ფიგურირებს. სამძიმარს ელით? ვისგან სამძიმარს? მათ ხომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების არც სიცოცხლე მოსწონდათ და მითუმეტეს გმირული სიკვდილი. არა, არც შურთ.. უბრალოდ მათი თავგანწირვა კოლონიალურ ,,მშვიდობას" ურღვევს. აწუხებთ ყველაფერი, რაც თავისუფლებას და ღირსებას ახსენებთ. რამაც შეიძლება მის გონებადაბინდულ მხარდამჭერს სინდისი, დიმიტრი ყიფიანი, ილია, ვაჟა, ქაქუცა ან ამბროსი ხელაია გაახსენოს. ამიტომ ნუ ელით სამძიმარს. ან რა ფასი აქვს ,,იძულებითი მშვიდობის" არ იყოს, იძულებით სამძიმარს...


close დახურვა